ირაკლი კობახიძე - ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციას, 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ, საღამოობით კეტავენ თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას
ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარ აქციას. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ, საღამოობით კეტავენ თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აქციაზე შეკრებილი 300 კაციდან ორი მესამედი ათას ლარად ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობაა.
„300 კაციდან ორი მესამედი არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ ათას ლარად ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა. თავიანთ აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ ყოველდღიურად. ვნახავთ, რა იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა, როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და მთელი ამ დღეების განმავლობაში ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მოვუწოდებ, მშვიდად შეხედონ ყველაფერს და, საბოლოოდ, ეს მათ სიმშვიდეს უფრო მეტად წაადგება.
29-ში გაიმართება ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, იმიტომ, რომ კომიტეტი იმართება და ა.შ. შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას შეიძლება დასჭირდეს, თუ ოპოზიცია მოინდომებს, ორი-სამი დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპროტესტო აქციები გამართოს სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ. ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც. საქართველო არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.