ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს: „როდესაც ომის საფრთხე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“.