ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად
ეს არალეგიტიმური ორგანოს არალეგიტიმური გადაწყვეტილებაა, თავისი შინაარსითაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„შესაბამისად, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს ზოგადად იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ჩამოყალიბებული. ამაში მთავარი დამნაშავე, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელობების აღსაკვეთად ქართული მხარემ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. უამრავი პრობლემა გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ კუთხით მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა ამ ტერიტორიებზე, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზების და ოსების ინტერესების და უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენი და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები შეზღუდულია. ამ შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.