ირაკლი კობახიძე - ყველაფერი ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ, რომ გაყალბდა პარალელური დათვლის შედეგები
არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ გაყალბდა „პივიტი“ და გაყალბდა სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა.
„ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, მათ შორის სტატისტიკასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით, შევთავაზეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა. შ. ყველაფერზე ითქვა უარი, რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11-მა ათასმა კომისიის წევრმა, პარტიულმა კომისიის წევრმა, ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომლებსაც თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს ასევე ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე. ნული მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი, არც არაპირდაპირი ფორმით“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პატიმრების საკითხს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა.
„რაც შეეხება პატიმრებს, დავიწყოთ ნიკანორ მელიათი. ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით არის საქმე აღძრული კონკრეტულ მძიმე დანაშაულზე, ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამისათვის არის გათვალისწინებული კონკრეტული სასჯელი, პროცესი გრძელდება. ნიკანორ მელიას ევალებოდა ერთადერთი რამ, ეს იყო ელექტრონული სამაჯურის ტარება, თუმცა მან დემონსტრაციულად, გასული წლის ნოემბერში, გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რაც იყო ბუნებრივია შეურაცხყოფის მიყენება სახელმწიფოსთვის, ამის მიუხედავად პროკურატურამ გადადგა მაქსიმალურად რბილი ნაბიჯი. ეს იყო არა დაუყოვნებლივ დაპატიმრება, რაც არის სტანდარტული პრაქტიკა, როდესაც ვინმე გადააგდებს ბრასლენტს, არამედ მან მოითხოვა გირაოს გადახდა, მაქსიმალურად რბილი ზომა. გავიდა 35-დღიანი ვადა გირაოს გადახდის, ამის შემდეგაც ორი კვირა დააცადეს, შემდეგ მისცეს ერთთვიანი ვადა და ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც რჩებოდა მელიას იმის საშუალება, რომ გადაეხადა გირაო, რაც იყო სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის დაფიქსირების ელემენტარული ფორმა, თუმცა ნიკა მელიამ თქვა ამაზე უარი, უფრო მეტიც გამოვიდა მძიმედ შეურაცხყოფილი განცხადებით, არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ და ერთადერთი შანსი დაუტოვა სახელმწიფოს რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად. ამას მოჰყვა მელიას დაპატიმრება, მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა, შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ მელია ვიღაცამ დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობს, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“, – განაცხადა კობახიძემ.