ირაკლი კობახიძე - ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარდგენილი, ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანია
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა წინადადება, რომელიც დღეს დოკუმენტშია ასახული, წარდგენილია ხელისუფლების მხრიდან.
კობახიძის განმარტებით, ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა.
„ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მოტივაციაა, შეთანხმების მისაღწევად მაქსიმუმი გაკეთდეს.
„რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას. სამწუხაროდ, რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის დამოკიდებულება როგორც საკუთარი საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. რაც მთავარია, ამას ხედავს ყველა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.