ირაკლი კობახიძე - ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას გუნდს, ეს შეიძლება, გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს
გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსებაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ მას, ეს თვალნათელია, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ აბრალებს, თითქოს კეზერაშვილი აფინანსებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჩხარტიშვილი აფინანსებსო, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ მახსენდება არც ერთი ასეთი ბრალდება. ჩვენ არასდროს არავისთვის დაგვიბრალებია ასეთი რამ. სადაც ვიცით, რომ ვიღაც, ვიღაცას აფინანსებს, იქ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ არც ერთხელ „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ვიღაც მას აფინანსებს“.
კითხვაზე, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მოსვლის მიზანი არის თუ არა ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.
„მე მგონი, ვერც ერთ და ვერც მეორე მიზანს ისინი ვერ მიაღწევენ. არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ რესურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენს დღის წესრიგზე. ჩვენი ამოცანა და მიზანი გვაქვს. ეს მიზანი არის ის, რომ დაახლოებით ის შედეგი გავიმეოროთ და ცოტა მეტიც ავიღოთ, ვიდრე გვქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული და არა სხვა პარტიებზე. სხვა პარტიებს შეუძლიათ, საკუთარი კამპანია აწარმოონ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, რომ კეზერაშვილთან გახარიას შუამავალი გიორგი ხოჯევანიშვილის ძმაა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
„მე ამ ყველაფერში ვერ შევალ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები აპიარებენ ე.წ. გუნდს და ტელევიზიების არსიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დაახლოებით ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ვისთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ გიორგი გახარიას გუნდს „ქართული ოცნებიდან“ ვინმე შეუერთდეს.
„მის გუნდში არის ექვსი დეპუტატი ზოგი კლასელი, ზოგი მეგობარი, ეს არის მთელი რესურსი. ამ არჩევნებში ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ, ვის რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.