ირაკლი კობახიძე - ყველა ვარიანტზე შეგვიძლია მსჯელობა, შეიძლება, გამოინახოს ზომიერი ვარიანტი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს მათ, ვისაც არ სურს ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება
ყველა დეტალთან დაკავშირებით შეგვიძლია მსჯელობა. მათ შორის, შეიძლება, გამოინახოს ზომიერი ვარიანტი, რომელიც, ერთი მხრივ, დააზღვევს ყველა თეორიულ რისკს და, მეორე მხრივ, ყველა ადამიანს, რომელსაც არ სურს ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება, მისცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლითაც არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მომავალ კვირაში გაიმართება ოპოზიციასთან შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით ვისაც ექნება ინტერესი, ყველას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში. ყველა დეტალთან დაკავშირებით შეგვიძლია მსჯელობა. მათ შორის, შეიძლება, გამოინახოს ზომიერი ვარიანტი, რომელიც, ერთი მხრივ, დააზღვევს ყველა თეორიულ რისკს და, მეორე მხრივ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება, მისცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. ყველა ვარიანტზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ოპოზიციასთან ერთად და ასე მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ხმის უფლების გარეშე.
„ათიათასობით ადამიანი რჩება ხმის უფლების გარეშე. ეს ეწერა აპრილის შეთანხმებაში, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც ჩაიწერა აპრილის შეთანხმებაში და ამის საფუძველზე ჩაიწერა შესაბამისი ნორმები საარჩევნო კოდექსში. ბევრი არარაციონალური და ირაციონალური რამ ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში, რასაც გვთავაზობდა თავის დროზე ოპოზიცია. ამის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაციონალურად ვიმსჯელოთ ყველა საკითხთან დაკავშირებით. მთავარია, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე, ამომრჩეველი არ დარჩეს ხმის უფლების გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ მხოლოდ ოთხ შემთხვევაში შეიძლება, შეუზღუდო პირს ხმის მიცემის უფლება: ერთი, თუ არ არის მოქალაქე; მეორე, თუ არ არის 18 წლის ასაკს მიღწეული; მესამე, თუ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული და იხდის სასჯელს; მეოთხე, თუ არის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, თუმცა ამის საშუალებას არ იძლევა მოქმედი კანონი, რომელიც დაეფუძნა თავის დროზე აპრილის შეთანხმებას. ამიტომ საჭიროა გამოსავლის პოვნა ამ თემასთან დაკავშრირებით. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, შემოგვთავაზონ საკუთარი ვერსია ამ პრობლემის გადაწყვეტის. თუ შემოგვთავაზებენ, თავიდან ბოლომდე გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.