ირაკლი კობახიძე - ყველა სტუმარი აღნიშნავდა, რომ უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, მადლობა ეკუთვნით საქართველოს მთავრობას და ფეხბურთის ფედერაციას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რასაც ყველა სტუმარი აღნიშნავდა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტურნირის ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობას და ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ეკუთვნით.
„უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული ტურნირი, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ფეხბურთის ფედერაციას. აბსოლუტურად ყველა სტუმარი, უეფა-ს და კონკრეტული ფედერაციების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ფეხბურთელები აღნიშნავდნენ, რომ ინფრასტრუქტურა, მასპინძლობა, სპორტული მინდვრები და სპორტული განწყობა იყო უმაღლეს დონეზე. ეს არის მთავრობის, ფეხბურთის ფედერაციის დამსახურება და ამისთვის მათ ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. ალექსანდერ ჩეფერინი წერილში წერს, რომ ქართველების ხედვა და მათ მიერ გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.