ირაკლი კობახიძე - ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება გვიწევს
ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია, თუმცა სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს, რომ მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოვასწოროთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების გაფუჭებულის გამოსწორება უწევს, მათ შორის ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებითაც.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება, გაავლეს სამხრეთ ოსეთის საზღვრები და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია, მათ გაფუჭებულს ვასწორებთ. ამ შემთხვევაშიც, რაც შეეხება დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, მათი გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს. ყველა სფეროში ასეა, სიღარიბე იქნება ეს, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია. ყველა სფეროში გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია, თუმცა სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები არაერთ საქმეზეა უტყუარად დამტკიცებული.
„მე ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მძიმე რამ კეთდება, მაგრამ არის სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად არის დამტკიცებული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები. ერთ-ერთი ასეთ უმძიმესი ფაქტი არის საზღვრების აღდგენა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა და ეს არის ზუსტად ის საზღვრები, რომლითაც ხელმძღვანელობს დღეს ოკუპანტი ქვეყანა ბორდერიზაციის პროცესში. ეს საზღვრები აღადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს. აქ ვარაუდზეც არ არის საუბარი. ეს არის რუსული ინტერესი. 2006 წელს პირდაპირ სააკაშვილმა, „ნაცმოძრაობამ“ გაატარა რუსული ინტერესი, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და ეს საზღვრები საფუძვლად დაედო ოკუპაციას, ბორდერიზაციას, ეს არის რუსული ინტერესები. ცხადი და უტყუარი დანაშაულია, რასაც დამატებითი გამოძიება არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, დავით გარეჯთან უკვე რა ეჭვებიც არსებობს, მყარი საფუძველი აქვს, იქ და ასევე სხვაგანაც ტარდებოდა რუსული ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.