ირაკლი კობახიძე - ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას
ირაკლი კობახიძე - ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას

ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ. ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, სხვადასხვა კუთხით პარტნიორობა აქვს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობაც. ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სხვადასხვა კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებული აქვს ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოსაც. დღეს უმაღლესი დონის ვიზიტი იმართება აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის. ასეთ ვითარებაში აშკარაა, რომ ჩინეთის თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებს. მათ შორის პარლამენტში გვაქვს მიღებული ორი რეზოლუცია, ორი საპარლამენტო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ აზიის რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქ არის ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, მეტად განვავითაროთ, მაგალითად, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამ კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩინეთის საკითხზე ცარიელ სპეკულაციებს ვისმენთ, რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. ყველა ქვეყანა თანამშრომლობს ჩინეთთან, სხვადასხვა კუთხით პარტნიორობა აქვს, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობაც. ასეთ პირობებში ოპოზიცია მაინც ახერხებს სპეკულირებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდებიან. სალომე ზურაბიშვილიც პირდაპირ გამოვიდა და, პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ. შემდეგ უკან დახევა მოუწია. აქედანაც ჩანს, რომ მის სიტყვებს არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

„ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს პოზიცია ოფიციალურად არის გაცხადებული. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ნათელია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არეალი. ურთიერთობების დივერსიფიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მათ შორის იმისთვის, რომ არცერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ იყოს ჩვენი ქვეყანა თვისობრივად დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ეკონომიკური, სავაჭრო თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ, სამწუხაროდ, დასავლური სახელმწიფოები 30 წელია, გარკვეულ პასიურობას იჩენენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. სასურველი იქნებოდა მეტი აქტიურობა დასავლეთის მხრიდან, რომ საქართველოსთან გაფართოვდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა 30 წელია, არსებითი ძვრები ამ კუთხით არ შეიმჩნევა. რაც მეტი იქნება დასავლური ინვესტიცია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან, მით უკეთესი, თუმცა საქართველოსთან მიმართებით დასავლელ პარტნიორებს მეტი აქტიურობა მმართებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„ჩვენ შეგვიძლია, დავპირდეთ საზოგადოებას, რომ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ობიექტის განვითარების დროს, ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.