ირაკლი კობახიძე - ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და რეალიზებას
საქართველოს მოქალაქე, არ შეიძლება, გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო: ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და, მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სანქციების რეჟიმი სრულად ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად ისე გამოდის, რომ ხვალიდან სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება, ვინც არის სიაში შეყვანილი.
„საქართველოს მოქალაქე აღარ რჩება ამ სიაში. შესაბამისად, ყველაზე გავრცელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი თავისთავად უნდა იყოს დაცული, რომ საქართველოს მოქალაქე, არ შეიძლება, გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო: ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და, მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სრულად ვრცელდება სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, ხომ არ ჩაითვლება ეს სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
„ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და რეალიზებას. არ შეიძლება, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლების შეზღუდვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე. ეს არასწორი იქნება, ამიტომ, მგონია, რომ ყველა პარტნიორი გაიგებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.