ირაკლი კობახიძე - ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის ძალადობაზე, ყველას ვაფრთხილებთ, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ
ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება.
„ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ „ენჯეოების“ მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, კვლავაც ვრცელდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების ცილისმწამებლური ნეგატიური განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ: თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები, ერთი მხრივ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არა აქვთ. არგუმენტები, მით უმეტეს, ვერ იარსებებს, რადგან ამგვარი კანონები მათთანაც მოქმედებს ან აქტიურად განიხილება. თუმცა მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების კვლავაც გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია.
ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, ასევე, სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი წარმომადგენლები. ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ.
პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს.
მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაემიჯნოს ამ დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი.
საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში ამ ძალადობრივ დაჯგუფებებში მილიონობით დოლარი ჩაიდო, თუმცა მათ საბოლოოდ მხოლოდ 300-მდე მოძალადე ახალგაზრდის რეკრუტირება შეძლეს. დარწმუნებული ვარ, ეს რესურსიც ოქტომბრამდე დიდწილად განიავდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.