ირაკლი კობახიძე - ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება
ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს და ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის, 2008 წელს, მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ოჩამჩირეში პორტს აფართოებს.
კობახიძის თქმით, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რომ რუსეთს უკვე გადაჰყავს შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში, კობახიძემ აღნიშნა: „უკრაინის დაზვერვაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იცით, რაც ხდება უკრაინის დაზვერვის სამსახურში“.
რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.