ირაკლი კობახიძე - ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას, ვიმედოვნებთ, დისკუსიები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ყოველი შემდგომი შეხვედრა წინსვლას ნიშნავს კონკრეტული მიმართულებებით.
როგორც კობახიძემ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონსულტაციები გრძელდება და შეხვედრები სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება.
„ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები. ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს. შესაბამისად, გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად, არის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები, საინტერესო დისკუსიები ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტი. კვლავაც გვაქვს იმედი, რომ ეს დისკუსიები, საბოლოო ჯამში, დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.