ირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ზღვარი წაშლილია მდიდარ „ენჯეოებსა“ და პოლიტიკას შორის, უკვე ყველამ გაიგო, რომ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები
საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით, რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია „ენჯეოებსა“ და პოლიტიკას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საუბარია მდიდარ „ენჯეოებზე“, რომლებიც არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.
„ისინი პირდაპირ გამოდიან კამპანიით, გადახედეთ მათ განცხადებებს და ფეისბუქგვერდებს, ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქვიათ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით. ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ. რაზეა საუბარი, როცა 2022 წელს პირდაპირ სცენაზე ავიდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია „ენჯეოებსა“ და პოლიტიკას შორის, საუბარი მაქვს მდიდარ „ენჯეოებზე“. ასეთ ვითარებაში მათ არცერთ ნაბიჯს უკვე ფასი აღარ აქვს. უკვე ყველამ გაიგო, რაც, შეიძლება, მანამდე ასე მკაფიოდ გასაგები არ იყო, რომ სინამდვილეში ეს „ენჯეოები“ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები“, – განაცხადა პრემიერმა.