ირაკლი კობახიძე - ყოფილი სახალხო დამცველი და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი - ორივენი არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ფასი არ აქვს
სახალხო დამცველის ოფისის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ყოფილ სახალხო დამცველს, და ასევე ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი – ორივენი არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს, ბუნებრივია, ფასი არ აქვს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათაც კი ვერ მოახერხეს მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დადება. მისივე თქმით, არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს.
„მათაც კი ვერ მოახერხეს დიაგნოზის დადება. უფრო მეტიც, უცხოელ ექიმებს, ლობისტებს ჯამში გადაუხადეს მილიონი დოლარი, რაც დღეს გამჟღავნდა ოფიციალური მონაცემებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ. არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს. გაწერილია დეტალურად, რომელი დიაგნოზები იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს, არცერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, ეს არის რეალობა. ჰყავდათ თავიანთი აქტივისტი ყოფილი სახალხო დამცველის სახით, თავიანთი აქტივისტი ცენტრი „ემპათიის“ სახით, დამატებით მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებში, ლობისტებში, პიარკამპანიაში და მაინც ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.