ირაკლი კობახიძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვისა და მიმდინარე გამოძიების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასებას სპეკულაციას უწოდებს
სპეკულაციების წამოწყება ადვილია, როდესაც საქმე ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს ეხება, თუმცა რეალურად, ეს არის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან მიმართებაში მიმდინარე გამოძიებაზე, ყოფილი მინისტრების გამოკითხვასა და ამ საკითხების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესის წარმართვა სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენციაა.
„თუ რამე კითხვები არსებობს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ეს კითხვები დაისმება და მათ უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ, როგორ წარიმართება პროცესი. ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საქმე. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით. შეგვიძლია, საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე დავაკვირდეთ და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, რატომ დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, თუ კითხვები მანამდეც არსებობდა, კობახიძე პასუხობს, რომ საქმის დეტალებზე ინფორმირებული არ არის.
„დეტალებიც კი არ ვიცი და არც მეცოდინება, როდის დაიწყო მოკვლევა ესეც არ ვიცი. არის კონკრეტული პროცესი, დაისმება კითხვები და გაეცემა პასუხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარ პროკურატურაში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.
ამასთან, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება პროკურატურას მოთხოვნილ ყველა დოკუმენტაციას მიაწვდის.