ირაკლი კობახიძე - ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტია
ისტერიული კამპანიები ერთადერთ რამეზე მიანიშნებს, ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს დაახლოებით 60 პროცენტია.
„ყველამ იცის, როგორია რეიტინგები – „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს დაახლოებით 60 პროცენტია და შესაბამისია რადიკალური ოპოზიციის მწირი რეიტინგი. ასეთ პირობებში, ხავსს ეჭიდებიან და მათ გათვლა აქვთ არა არჩევნების დღეზე, არამედ არჩევნების შემდგომ ვითარების არევაზე, თუმცა აქაც იმდენად მწირია მათი რესურსი, რომ, ბუნებრივია, ვერც აქ იქნებიან წარმატებული. ეს არის ერთადერთი ახსნა იმ ყალბი ბრალდებებისა, რაც ისმის როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „„ენჯეოების“ იმიჯი და რეპუტაცია ნულამდეა დასული, რადგან ისინი მუდმივად დგანან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას“.
„2018 წელსაც იყო ყალბი ბრალდებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარმოადგინა ყალბი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს იყო ტყუილი, თუმცა მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და დღემდე „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბოდიშიც კი არ მოუხდია ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ვინაიდან მათ ასეთი ყალბი ინფორმაცია მოგვიანებითაც ჰქონდათ გასავრცელებელი. დღესაც არიან დაკავებულები ერთადერთი რამით, ეს არის ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა „პივიტის“ გაყალბებიდან, ISFED-თან ერთად სხვა „ენჯეოებიც“ იყვნენ ჩართული „პივიტის“ გაყალბებაში. საბოლოო ჯამში, განცხადებას „პივიტის“ და ცესკო-ს მონაცემების აცდენასთან დაკავშირებით ხელს აწერდა ათეულობით „ენჯეო“. ამიტომ თავის დროზე „პივიტის“ გაყალბებაზე, ISFED-თან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება იმავე „გამჭვირვალობას“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და ათეულობით სხვა „ენჯეოს“. ამ ტრადიციების მქონე „ენჯეოებისგან“ ახალი, ყალბი განცხადებები არ გვიკვირს, მთავარია, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქვთ ამ „ენჯეოებს“ ძალიან დაბალი რეპუტაცია. ცესკო-ზე ოთხჯერ ნაკლები რეპუტაცია რომ ექნება „ენჯეოს“, იმას, ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს და მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ იმის გამო, რომ ეს „ენჯეოები“ მუდმივად დგანან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით და მუდმივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, ნულამდეა დასული მათი იმიჯი, რეპუტაცია,“- განაცხადა პრემიერმა.