ირაკლი კობახიძე - წინასწარ ვამბობდით, რომ ხოშტარია გავიდოდა „ევროპული საქართველოდან“ და გავიდა, გაყვება სავარაუდოდ შავგულიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში პარლამენტში სავარაუდოდ სამ პარტიაზე მეტი იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენი ვარაუდია, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული და არც სამპარტიული, ველოდებით სამზე მეტს. ჯერ დაკონკრეტება მართლა რთულია, მაგრამ პროცესი აუცილებლად დაიწყება და დაიწყება უკვე წლის დასაწყისიდან. თებერვალში იწყება სესია, შესაბამისად, იანვარი ახალი წლის შემდგომი პერიოდია, იანვარში ბუნებრივია, უფრო რთულია რაღაც სიახლეების მიღება, თებერვალში იწყება სესია, სესიის დასაწყისშივე ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება სიახლეები“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.
მისივე თქმით, ელჩების გარეშე სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იკვეთება რამდენიმე ოპოზიციური სუბიექტი, რომლისთვისაც მოლაპარაკების ჩაშლა თვითმიზანია.
„მათ შორის ეს გამოიკვეთა მეოთხე რაუნდის შემდეგ. თქვენ იცით, რომ პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს იგეგმებოდა მეხუთე რაუნდი, მაგრამ მაშინ კონკრეტულმა, ერთმა-ორმა ოპოზიციურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, რათა მეხუთე რაუნდი სხდომის წინა დღეს არ შემდგარიყო. ჩვენი სურვილი იყო, სხდომამდე გაკეთებულიყო ეს ყველაგერი, რათა პირველი სხდომა ჩატარებულიყო უკვე არაერთპარტიულ რეჟიმში, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ იმ დღეს მეხუთე რაუნდი არ შემდგარიყო. აქ პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ ორი სუბიექტი, ეს არის „ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, რომელსაც შესვლის არავითარი ინტერესი არ აქვს. როგორ უნდა ელაპარაკო ვიღაცას, ვინ ვერც კი შედის პარლამენტში. თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ და „ევროპული საქართველო“ რაღაცაზე შევთანხმდით, ამის პირობა ხომ არის, რომ უნდა შევიდნენ, ვერ შედიან, რაზე უნდა შეუთანხმდე? იგივეა, რომ ვიღაცა ბარიერ ვერგადალახულ პარტიას ელაპარაკებოდე შესვლაზე, იგივეა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში, ვერ შედის პარლამენტში და რაზე უნდა მოელაპარაკო. წინასწარ ვამბობდით, რომ ხოშტარია გავიდოდა და გავიდა, გაყვება სავარაუდოდ შავგულიძე. ნაკაიძე და ახვლედიანი არ არიან მათი წევრები და რჩება ერთადერთი ბაქრაძე, და ბაქრაძეც არ არის მათი ლიდერი, ყველამ ვიცით, რომ ბოკერია წყვეტს ყველაფერს. დიდ ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, ეს ინფორმაცია დიდი ხანია, გვაქვს, რომ ხოშტარია და შავგულიძე იყვნენ ყოველთვის ერთად და ერთად აპირებდნენ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას, ეს ნათქვამი გვაქვს, ერთი თვით ადრე გვქონდა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.