ირაკლი კობახიძე - წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები და ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია
ირაკლი კობახიძე - წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები და ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია

საარჩევნო კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, პოლარიზაციის გარდა, რაიმე არსებითი პრობლემა იდენტიფიცირებული არ არის.

„რა თქმა უნდა, პოლარიზაცია ვერ იქნება გამოყენებული ვერავის მხრიდან, როგორც არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მრავალმხრივი და კომპლექსური პრობლემა. ამაში მმართველ პარტიას ვერავინ დასდებს ბრალს. კონკურენტულობას რაც შეეხება, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომ ვიღაცამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვიღაცას დაუბლოკეს არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცას რეკლამა არ განათავსებინეს. პირიქით, ჩვენ ვართ მმართველი პარტია და დაახლოებით ხუთი საათის, კომერციული ფასის მიხედვით ხუთი მილიონის ღირებულების რეკლამა გაგვიჩერეს ოპოზიციურ არხებზე. ვინმეს კონკურენციაში პრობლემები თუ შეექმნა ხელოვნურად, ეს არის სწორედ მმართველი პარტია, რომლის რეკლამები არ განათავსეს ოპოზიციურმა არხებმა. რაც შეეხება კონკურენტულობას, რეგისტრაცია პრობლემა არ არის, კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არ არსებობს არცერთი მიმართულება, რაზეც ვინმემ რაიმე პრეტენზია შეიძლება წამოაყენოს.

„ახლა რჩება არჩევნების დღე. არჩევნების დღისთვის ჩვენ არსებითად შევცვალეთ კანონმდებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოვიღეთ ელექტრონული რეგისტრაციის, ხმის მიცემის და ხმის დათვლის წესი. მიდის ამომრჩეველი, ელექტრონულად გადის რეგისტრაციას, შემდეგ ელექტრონული აპარატის მეშვეობით აძლევს ხმას და შემდეგ აპარატი წამში ითვლის შედეგებს და მარტივად იბეჭდება ერთგვარი ჩეკი, საარჩევნო ოქმი, სადაც ასახულია უკვე წამში არჩევნების შედეგები. ადრე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ესეც გამორიცხულია. სისტემა არის აწყობილი მთლიანად ისეთი, რომ საბაბსაც კი არ ტოვებს არაფერზე საუბრისთვის. დაუბალანსებელი ოქმიც კი არ იქნება. პირდაპირ ღილაკზე აჭერ თითს და ამოდის გამზადებული ოქმი, დათვლაც კი არ სჭირდება ამ შედეგებს. ესეც კი გადაზღვეული გვაქვს და ვამბობთ, რომ, კი ბატონო, ამოიბეჭდა ეს ოქმი, მაგრამ მერე აპარატიდან ამოიღებთ ამ ბიულეტენებს ფიზიკურად და ფიზიკურად გადათვლის თითოეული უბანი. აქაც კი გადაზღვეულია, რომ რაღაც არ მოხდეს, ჯერ იბეჭდება ეს წინასწარი ელექტრონული ოქმი და ამის შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა, შეგიძლია ხუთჯერ გადაითვალო ნებისმიერ უბანზე არჩევნების შედეგები. იმდენად გადაზღვეულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არ რჩება. ხომ არ შეიძლება, ჰაერიდან რაღაც მოიტანო, წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები დაზღვეულია, ყველანაირი ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია. არ ვიცი, რანაირად შეიძლება, ვინმემ რამე სხვა დაწეროს?“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.