ირაკლი კობახიძე - წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რა კამპანიაც გამოვიარეთ, ჩავლილი მდინარეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეცდება ამ მდინარეში შესვლას
ირაკლი კობახიძე - წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რა კამპანიაც გამოვიარეთ, ჩავლილი მდინარეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეცდება ამ მდინარეში შესვლას

კამპანია, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვიარეთ, არის ჩავლილი მდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეცდება ამ მდინარეში შესვლას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ჩვენ ველოდებით ზუსტად იგივე პროცესებს, არაღიარება, არშემოსვლა და ა.შ. წინა შემთხვევაში ამას ჰქონდა სწორედ კონკრეტული უცხოელების მხრიდან მხარდაჭერა. მათ შორის, სამწუხაროდ, კონკრეტული ელჩები იყვნენ, ვინც ჩართული იყო ამ საბოტაჟის კამპანიაში. არ მინდა, ახლა სახელები და გვარები დავასახელო, მაგრამ კონკრეტული დიპლომატებიც იყვნენ ჩართული ამ საბოტაჟის კამპანიაში, სხვადასხვა ფორმით, კულუარულადაც და საჯაროდაც. ასეთ პროცესებს ვეღარ ექნება წარმატება. მათ შორის, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ იგივე დიპლომატების დამოკიდებულებაც არის შეცვლილი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება ეს ურთიერთობები. ვხედავთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები არის ბევრად უფრო სამართლიანი, ვიდრე, თუნდაც ორი წლის წინ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე მზად იქნება არჩევნებისთვის, რომ ის გამართულად ჩატარდეს, ამასთან, მმართველ გუნდს აქვს სამართლიანი შეფასების იმედი.

„გვაქვს იმედი, რომ კონკრეტული საერთაშორისო დამკვირვებლები დაეყრდნობიან ობიექტურ მონაცემებს და არა მაგალითად, ჭორებს, რომლებიც წინა შემთხვევაში იყო ასახული „ენჯეოების“ ანგარიშებში. იმედი გვაქვს, დამკვირვებლები არ დაეყრდნობიან მანიპულაციებს, რაც წინა შემთხვევაში განხორციელდა, პარალელური დათვლის გაყალბება და ა.შ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიება, მათ შორის პრევენცია იყო იმისა, რომ საქართველოში უცხოური ჩარევით რევოლუციის და ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვა ვეღარ მოხდეს.

„ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია. ხაბეიშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, კეზერაშვილია ლიდერი, სააკაშვილი ზის ციხეში და ასეთი ვითარებაა, არეულია ოპოზიცია თავიდან ბოლომდე. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის რესურსი და ეს არის დღევანდელი ვითარება. ასეთ პირობებში რევოლუციის დაგეგმვაზე ფიქრიც უფრო რთულია. ეს ოპოზიცია, მათ შორის სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ეცდება იმ მდინარეში შესვლას, რომელშიც მეორედ ვერ შეხვალ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ხარ პოლიტიკური პარტია და არ ხარ პოლიტიკური კლუბი.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით და ამ ქვეყანაში 5%-იანი ბარიერის გადალახვას სჭირდება დაახლოებით, 95 000 ხმა. თუ შენ ხარ პოლიტიკური პარტია და არ ხარ პოლიტიკური კლუბი, ამ შემთხვევაში ბარიერს აუცილებლად გადალახავ. სინამდვილეში, თუ ვინმე ამ ბარიერს ვერ გადალახავს, არის პოლიტიკური კლუბი. მაგალითად, „ლელო“ არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის პოლიტიკური კლუბი, სადაც ხაზარაძეს ჰყავს ნაპოვნი რამდენიმე ბავშვი და ერთად აკეთებენ ე.წ პოლიტიკას. გახარიასაც ჰყავს თავისი ბავშვები, რომლებიც გაწევრიანებული არიან მის პოლიტიკურ კლუბში, „გირჩშიც“ არიან და სინამდვილეში, ესენია რამდენიმე კაციანი დაჯგუფებები, პოლიტიკური კლუბები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ გაშლილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ კლუბებს ბარიერის გადალახვის თუ ეშინიათ, „ქართული ოცნების“ რეკომენდაცია იქნება, გაერთიანდნენ, რომ მერე ბარიერის ვერგადალახვა საკუთარ თავს არ დააბრალონ.

„დღეს თუ არ აქვთ პარტია, რის გამოც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, კეთილი ინებონ, გააერთიანონ რესურსები და სცადონ პოლიტიკური პარტიის შექმნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.