წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს ან ჩვენი ხალხის ღირსებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება იყოს საუბარი ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე.
„თავის დროზე იყო კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს. ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი – ორმაგი სტანდარტი; მეორე – არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თან აწყობს პროვოკაციებს ვითომდა ანტირუსული განწყობების საფუძველზე. ძალიან ცუდია, რომ ამასთან დაკავშირებით არ გიჩნდებათ კითხვები. მგონი, ამაზე ყველამ უნდა დაუსვას კითხვა ელენე ხოშტარიას. ზურა აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს, მაგრამ საუბარია სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე და ა.შ. ამით არის დაკავებული ზურაბ აბაშიძე. ასეთ დროს, როცა ის კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს კონკრეტულ ადამიანზე, ელენე ხოშტარიაზეა საუბარი, რომელსაც ამ დღეებშიც ჩაერიცხა ფული რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყიდულობენ ბინებს და მიწას თბილისის შემოგარენში, ბათუმში და ა.შ. ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი, რომელიც თან იღებს რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციას და სინანულს რომ გამოხატავ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა.
ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს. რუბლიაკა ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი, რომელიც თან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსულ რუბლებს იღებს, ამ პროვოკაციაზე შეიძლება, ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, რატომ?იმიტომ, რომ იყო უხეში პროვოკაცია, თან ის პროვოკაცია მოწყობილი იყო რუბლიაკა, ელენე ხოშტარიას მიერ, რომელიც რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ არის პროვოკაცია და არაეთიკური ქმედება, ამ შემთხვევაში ამაზე ასეთი პოზიციის დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავია. თქვენ გინდათ, გააკეთოთ ისეთი მინიშნება, თითქოს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას უპირისპირდება ის განცხადება, რომელიც გააკეთა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს ან ჩვენი ხალხის, საზოგადოების ღირსებას, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. შეგახსენებთ წინა ხელისუფლების ნაბიჯებს, იგივე ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, პირდაპირ ჩაწერეს, რომ მაშინ დაუწყია ომი ქართულ მხარეს. პირდაპირ ჩაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ყველაფერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში. გახსენებთ, რადგან იქნებ ერთხელ მაინც გქონდეთ რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ანუ, თავის დროზე, ღალატი როცა ჩაიდინა „ნაცმოძრაობამ“, ომი თუ დაიწყეს თვითონ, ისიც ღალატია და თუ არ დაიწყეს და ეს ჩაწერეს, ესეც ღალატია, ამ ღალატზე რომ არ გაქვთ რეაქცია, ამიტომ გახსენებთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს რის ზუსტად ქართველ ხალხის ღირსების ხელყოფა. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, არასდროს ჩვენ არ გადაგვიდგამს ნაბიჯი, არ გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ხელყოფდა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ღირსებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარიას მხრიდან უხეში პროვოკაცია განხორციელდა და ამასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძის პოზიცია სწორი იყო.
„იყო უხეში პროვოკაცია, არაეთიკური ქმედება პროვოკატორის მხრიდან დაგეგმილი, განხორციელებული, ეს იყო ლიაკა ხოშტარია, რომელიც იღებდა და დღესაც იღებს რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან, რაზეც თქვენ რეაქცია არ გაქვთ“, – ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, ზურაბ აბაშიძის გადადგომას ითხოვენ და უნდა დატოვოს თუ არა მან თანამდებობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „მე ვითხოვ რუბლიაკა ხოშტარიას გადადგომას თავისი თანამდებობიდან, რატომ? ის მოქმედებს ორმაგი სტანდარტით. იქ ხოშტარიამ დააორგანიზა თავისი აქტივისტები, ეს იყო რეალობა. ელენე ხოშტარია არის ადამიანი, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მას ეკუთვნის ნებისმიერი ეპითეტი, ისევე როგორც მის აქტივისტებს, რადგან მისმა აქტივისტებმაც იციან, ვინ არის რუბლიაკა ხოშტარია“.
ამავდროულად, კობახიძის თქმით, საუბარია პროვოკატორზე და ამასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებას ზურაბ აბაშიძე.
„ოპოზიცია ჩვენ რომ გვლანძღავს, ეს ნიშნავს ქართველი ხალხის ლანძღვას? ჩვენ როცა არ მოგვწონს „ნაცმოძრაობა“ და ვლანძღავთ „ნაცმოძრაობას“ ან მათ აქტივისტებს, ეს არ ნიშნავს ქართველი ხალხის ლანძღვას. საუბარია პროვოკატორზე დ ამასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ზურაბ აბაშიძე, რომ კონკრეტულმა პროვოკატორებმა მოაწყვეს პროვოკაცია, არაეთიკური პროვოკაცია. ზურაბ აბაშიძე პასუხისმგებელია ურთიერთობებზე, ერთადერთი არხი, ჟენევაც აღარ მოქმედებს რეალურად, ერთადერთი კომუნიკაციის არხი არის ზურაბ აბაშიძე. ბოდიშის მოხდა სჭირდება არაეთიკურ ქმედებებს. როცა ზურაბ აბაშიძე ესაუბრება თავის კოლეგას, რომელიც პასუხისმგებელია ურთიერთობებზე, სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მიმართულებით და ეუბნება, რომ იყო პროვოკატორების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, არაეთიკური პროვოკაცია და ამაზე აფიქსირებს თავის პოზიციას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.