ირაკლი კობახიძე - წინ ვართ დისკუსიებისა და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა
წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
მისივე თქმით, საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40 პროცენტიანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.
„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40-პროცენტიანი ნდობა მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მოსახლეობისგან, რათა მან მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, რაც არის ევროპაში აპრობირებული მიდგომა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. ეს ბარიერი თავისთავად ხმების დამატებით რაოდენობას აძლევს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში, ასეც ჯდება ხოლმე შედეგი – თუ 40 პროცენტზე მეტი აქვს პარტიას მიღებული 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, როგორც წესი, ის ახერხებს ერთპარტიულად, მთავრობის ფორმირებას. თუ აქვს ნაკლები ხმები მიღებული, ამ შემთხვევაში მას სჭირდება კოალიცია. ეს მიდგომა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, თუმცა გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75 პროცენტზე მეტი მანდატი. შეიძლება გადაიხედოს 100/50-იც, თუმცა ეს არ არის მთავარი. შეიძლება დამატებით ჩაიდოს სხვა ელემენტები ამ საარჩევნო მოდელში, რომელიც დამატებით, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტია ვერ ჩამოაყალიბებს ერთპარტიულ მთავრობას. საკმაოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას. თეორიულად თუ შევადარებთ ჩვენს სავარაუდო მოდელს – პროპორციულ სისტემას 5-პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, შედეგობრივი კუთხით, ეს იქნება საკმაოდ მიახლოებული თუ არა, იდენტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.