ირაკლი კობახიძე - წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით, წარმატებას ვუსურვებ ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს
წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, წლევანდელი ოლიმპიადა კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში.
„განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.
„ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა, მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცეჩემპიონობა და ასევე ბრინჯაოს მედალი მინდა მივულოცო გიორგი მეშვილდიშვილს, რომელიც აზერბაიჯანის სახელით გამოდიოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.