ირაკლი კობახიძე - წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი, ასეთი სწრაფი ზრდა აქამდე არ გვქონია, მადლობა განათლების მინისტრს ამ ინიციატივისთვის
წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია, მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„ამჟამად მიმდინარეობს 250 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი და ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ასევე, გაგრძელდება ოთხი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და ორი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა. როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ხელფასების ასეთი სწრაფი ზრდა ჩვენ აქამდე არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების განახლებაზე, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ასევე, იგეგმება ყველა არაქართულ სკოლაში ორენოვანი სწავლების დანერგვა. ზომები იქნება მიღებული, რათა სკოლებში ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.