ირაკლი კობახიძე - წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, 30%-ით - ვიზიტორთა რაოდენობა
რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.
„მინდა, ვიზიტების კუთხით აღვნიშნო, რომ ბრიუსელის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტები განვახორციელე სწორედ მეზობელ ქვეყნებში. ვიზიტი იყო ბაქოში, ერევანში, ანკარაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული, რათა კიდევ მეტად გავაღრმაოთ ის ტრადიციული მეგობრობა, თანამშრომლობა, რომელიც ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. ასევე, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის ინტერესებშია.
წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლიდან 2023 წლამდე. აქტიურად ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობები ინდოეთთან. ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ასევე, ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ დაიწყო პირდაპირი ფრენების შესრულება დელი-თბილისი-დელის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა“.
„ჩვენ განვაგრძობთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ დიპლომატს ამ ყველაფერში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა პირადად მინისტრს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების დაცვაც ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაზეც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მინდა, ცალკე აღვნიშნო, რომ 7 ივნისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, სადაც რეკორდულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა, 103 ხმა მიიღო ამ რეზოლუციამ. ამისთვის კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა პირადად მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ ჩართულ დიპლომატს.
ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთს სრული პასუხისმგებლობა დააკისრა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე. იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დავის მოგება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი, სახელმწიფოს, ჩვენი ჯარის ღირსება და, რა თქმა უნდა, მომავალშიც მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთკენ“, – განაცხადა პრემიერმა.