ირაკლი კობახიძე - წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას
რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას.
„ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ესეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.