ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ არის პოლიტიკური შტურმი, რასაც სჭირდება რეაგირება
ჩვენ ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება, ამ შტურმის მიზანი, ალბათ, ცხადია – ეს არის პოლიტიკური რევანში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, განცხადებაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მართლმსაჯულების სისტემამ 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური წინსვლა განიცადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეკრება პოლიტსაბჭოს ფორმატში და განცხადება, რომელიც გავრცელდა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება. მიზანი რაც არის ამ შტურმის, არის, ალბათ, ცხადი – მიზანი არის პოლიტიკური რევანში, რასაც ესწრაფვის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დგას ამ პოლიტიკური შტურმის უკან. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მოყვანილი იყო ჩვენს განცხადებაში სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ წინსვლა,რომელიც განიცადა მართლმსაჯულების სისტემამ 2012 წლის შემდეგ, არის ფუნდამენტური და ეს ფუნდამენტური წინსვლა არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და ამ პოლიტიკის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ მივეცით, როგორც აღნიშნეთ ეს სიტყვა, თვითგამორკვევის საშუალება მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას და ზუსტად ამის დამსახურებაა ის, რომ თვისებრივად გაუმჯობესებული სურათი მივიღეთ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, აქცენტი მუდმივად კეთდება სახელებსა და გვარებზე, მმართველი გუნდისთვის კი მთავარია, ადამიანის უფლებების დაცვა და ის, თუ როგორ მუშაობს სასამართლო.
„ჩვენ როდესაც ვსვამთ ხოლმე კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრეტენზიები არსებობს სასამართლოს სისტემის ფუნქციონირების მიმართ, ვერასდროს ვერ საუბრობენ კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ ქეისებზე და აქცენტი მუდმივად გადადის სახელებსა და გვარებზე. მთავარი ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის სასამართლოს, მართლმსაჯულების მთავარი ფუნქცია და ჩვენთვის მთავარია, როგორ მუშაობს სასამართლო, რამდენად არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, სამართლიანობა სისხლის სამართლის საქმეებში, ხომ არ ხდება ისე, რომ ვინმეს შეეფარდება სასჯელი იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, ან ხომ არ ხდება ქონებრივი დავების არასწორად გადაწყვეტა და ასე შემდეგ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ და ზუსტად ამას ცხადყოფს სტატისტიკა, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული სასამართლო სისტემის მიერ, მართლმსაჯულების სისტემის მიერ. ჩვენთვის ეს არის მთავარი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2013 წელს იდგა დილემა – სრულად ჩანაცვლებულიყო სასამართლო კორპუსი ან იმავე შემადგენლობით, სისტემა შინაარსობრივად განახლებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა მეორე გზა აირჩია, გადახედა პრინციპებს და ამის საფუძველზე, რადიკალურად განსხვავებული სურათი მიიღო.
„2013 წელს იდგა ეს დილემა, თეორიულად მაინც იდგა ეს დილემა, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა – ერთი იყო სასამართლო კორპუსის სრული ჩანაცვლება, რაც გააკეთა თავის დროზე ნაცმოძრაობამ და ამის შედეგები როგორი იყო, კარგად გვახსოვს, 2004 წლის შემდეგ და მეორე ვარიანტი იყო იგივე შემადგენლობით პროცესის გაგრძელება, თუმცა, სისტემის შინაარსობრივი განახლება და შინაარსობრივი ცვლილების უზრუნველყოფა. ჩვენ წავედით მეორე გზით, რაც ერთგვარი იძულებაც კი იყო, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, ჩვენ რომ აგვერჩია პირველი გზა, ანუ სასამართლო კორპუსის სრული ცვლილების გზა, ამას დაუპირისპირდებოდნენ, პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც დღეს უპირისპირდებიან სასამართლო სისტემას და კონკრეტულ სახელებს და გვარებს. ამიტომ არჩევანიც არ იყო რეალურად. არჩევანი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ ვერ ვეხებოდით, კონსტიტუციიდან გამომდინარე, არსებულ შემადგენლობას და არსებული შემადგენლობის პირობებში, ჩვენ გადავხედეთ პრინციპებს და ამ პრინციპების გადახედვის საფუძველზე, მივიღეთ რადიკალურად განსხვავებული სურათი, რაც ნიშნავს იმას, რომ ათი ათასობით ადამიანის უფლებები არის მყარად დაცული მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.