ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით, აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე
ვითარების გარკვევა აუცილებელია, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის, ამ შეცდომაზე გამოვიჭიროთ აშშ-ის კონკრეტული სტრუქტურა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ბერკეტები არსებობს აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის და რა შეიძლება, მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ და სასამართლომ.
„ჩვენ არ ვართ მოსამართლეები. ვინმეს თუ უნდა გასაჩივრება, საქართველოში ეს ვერ გასაჩივრდება. თეორიულად, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ამერიკაში გასაჩივრდეს, ამას ადგილობრივი იურისდიქცია ადგენს. აქ მე უნდა შევიდე თეორიულ მსჯელობაში და ეს ჩემთვის ვერ იქნება საინტერესო. მე არ ვარ უშუალოდ ადრესატი, ადრესატები არიან მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება პოლიტიკური რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც სანქცირდება პოლიტიკოსი, ეს პოლიტიკური აქტია, პოლიტიკაა და გასაგებია, რომ პოლიტიკოს შეუძლია პოლიტიკოსის დასანქცირება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით, მოსამართლე ნებისმიერ ქვეყანაში განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისთვის გაფრთხილების მიცემაც კი, საქართველოს კანონმდებლობით იმდენად მკაცრად არის გაწერილი, რომ ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი მოსამართლისთვის გაფრთხილებაც კი არ შეუფარდებიათ.
„ანუ, არის რთული პროცედურა, საფუძვლები არის რთულად გაწერილი, რაც გასაგებია. მოსამართლეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება, შეეხოს ელემენტარული დისციპლინური სახდელიც კი, როგორიც არის გაფრთხილება და ასეთ დროს, როდესაც ასანქცირებ, სავიზო შეზღუდვას უწესებ, თუ რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მოსამართლის წინააღმდეგ ასეთ ზომას იღებ, ეს უბრალოდ, გაუგონარი რამ არის. ეს ის კი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც შეცდომა მოუვიდა?! ეს არის გაუგონარი რამ. ჩვენ გვაქვს უმკაცრესი კანონმდებლობა ამ კუთხით, მათ შორის, მათი მოთხოვნით. ისინი იყვნენ ჩართული მეოთხე ტალღაში და ამ მეოთხე ტალღის ფარგლებში შემუშავდა დისციპლინური წარმოების დღევანდელი მოდელი. მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეს გაფრთხილებაც კი, შეიძლება, შეუფარდო უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან რთული პროცედურით. ამას გვეუბნებოდნენ ორი წლის წინ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა შეიცვალა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე. აი, ეს არის რეალურად. არის მაგალითად, ასეთი ინიციატივები, რომ პარლამენტმა ე.წ 2/3-ით მიიღოს გადაწყვეტილებები მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე. სამართლებრივად, ეს არის სისულელე, არსად არ არის მსოფლიოში და ამას გთხოვენ გარედან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ნახეთ, რას ითხოვენ – გადაწყვეტილებას 2/3 უმრავლესობიდან უნდა უჭერდეს მხარს და 2/3 ოპოზიციიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოსამართლის დანიშვნის დროს ერთგვარი საკონტროლო პაკეტი ხელში უჭირავს „ნაცმოძრაობას“. ამას პირდაპირ არც მალავენ. უნდათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი დოზით დაუბრუნონ „ნაცმოძრაობას“ ბერკეტები სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, კონკრეტულად ვისგან მოდის ეს მცდელობა, აშშ-დან, თუ საიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს მცდელობა მოდის არა მხოლოდ აშშ-სგან.
„არა მხოლოდ. არის სხვადასხვა სუბიექტი, რომელიც ასეთ რაღაცებს ითხოვს და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე და ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს.