ირაკლი კობახიძე - ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ბელარუსთან მოხდეს მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ
ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნას აპირებს.
„ეს არის მორიგი პროვოკაცია. გვახსოვს მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაცმოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური ნებართვით, როცა ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ეს ყველაფერი იყო პროვოკაციები, რომლებიც მიმართული იყო მშვიდობის წინააღმდეგ და ახლა ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს. ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი. ეს არის გარკვეული ესკალაცია და ისინი წარსულშიც, გახსოვთ, ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ამისთვის ყველაფერს აკეთებს რეალურად რადიკალური ოპოზიცია. რა განზრახვა დგას ამის უკან, თავად შეგიძლიათ, გაშიფროთ, მაგრამ ჩვენ ასეთ პროვოკაციებში ვერ ავყვებით. რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია. ამას ისინი ვერ მიაღწევენ და მათი მიზანია ასევე, რომ შეუქმნან დისკომფორტი ჩვენს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც, ლოჯისტიკურად, ყველაზე მარტივად მგზავრობენ დღეს, მაგალითად, რუსეთიდან ბელარუსის გავლით. შეგახსენებთ, 800 ათას მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ან ქართველი, ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში, ასევე ბელარუსში და მათთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა არის სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.