ირაკლი კობახიძე - ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს
ირაკლი კობახიძე - ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, მომავალი გვიჩვენებს

პროპორციული სისტემისა და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის შექმნა, ვისთან შედგება თანამშრომლობა, ამას მომავალი გვიჩვენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის პოლიტიკურ ძალად ფორმირების შემთხვევაში, ითანამშრომლებს თუ არა მასთან მმართველი გუნდი.

,,რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ამას გვიჩვენებს სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში. დიდი ალბათობით, პროპორციული სისტემიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება, საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის შექმნა, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა და ვისთან არა, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.