ირაკლი კობახიძე - ვისაუბრეთ ორ-სამ პუნქტზე, მოდერატორს ჰქონდა გარკვეული წინადადებები, ნაწილზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, ნაწილზე კი პოლიტსაბჭოს ფორმატში დღეს შევჯერდებით
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაზე ექვსი პუნქტიდან რამდენიმეზე იმსჯელეს.
მისივე განმარტებით, ნაწილზე მოდერატორს პოზიცია უკვე გააცნეს, ხოლო ნაწილთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციებს პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეაჯერებს.
„ჩვენ რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, რასაც ჰქვია ტექსტი, არ გვიმსჯელია ახალ სავარაუდო ტექსტზე, შეთანხმების პროექტზე, მაგრამ განვიხილეთ რამდენიმე დეტალი, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მათ შორის, ბუნებრივია, მოდერატორს ექნება საუბარი ოპოზიციასთან. რამდენიმე პუნქტს ეხებოდა. იცით, ექვსი პუნქტი, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოთვლილი, იმ ექვსიდან რამდენიმეს, ორ-სამ პუნქტს ეხებოდა ჩვენი საუბარი. ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით გაგრძელდება დისკუსია ოპოზიციის მონაწილეობით და შემდეგ ალბათ ერთად დავსხდებით მაგიდის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, პუნქტები თუ შეეხება არჩევნებს და პატიმრებს, კობახიძე ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისივე განმარტებით, პირველ რიგში, დღეს მოუსმინეს მოდერატორს, რომელსაც გარკვეული წინადადებები ჰქონდა.
„დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ რაც შეეხება თავად პუნქტებს, ყველა პუნქტი განიხილება, დღეს აქედან რამდენიმე პუნქტზე გვქონდა საუბარი და შესაბამისად, გაგრძელდება დისკუსია. ბუნებრივია, მოდერატორი გვთავაზობს თავის დღის წესრიგს, რაც არის ნორმალური მოვლენა, რადგან მას აქვს მოდერატორის ფუნქცია. რიგგარეშე არჩევნები არის არა ულტიმატუმი ჩვენი მხრიდან, არამედ პოლიტიკური მოცემულობა. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ამას აყენებენ ოპოზიციონერები. ბუნებრივია, ჩვენ დღეს პირველ რიგში მოვუსმინეთ მოდერატორს, მას ჰქონდა გარკვეული წინადადებები და ამასთან დაკავშირებით აინტერესებდა ჩვენი პოზიციები. ჩვენი პოზიციები გავაცანით მას. ძალიან კარგი განხილვა გქვონდა. ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრის დროს დავაფიქსირებთ პოზიციას. როგორც ვთქვი, ნაწილზე დაფიქსირებული გვაქვს, ნაწილზე გვექნება განხილვა, მათ შორის პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე. დღესვე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.