ირაკლი კობახიძე - ვისაც აქვს ძლიერი პოზიციები, ის დიალოგსა და დისკუსიას არ გაურბის
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი საზოგადოების დაკვეთაა. მისივე თქმით, საზოგადოებას არ სურს ისეთი პროცესები, რომლებიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ქვეყანაზე.
„რა თქმა უნდა, დიალოგი ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რადგან საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა ისეთი პროცესები, რომლებიც შეიძლება, უარყოფითად აისახოს ქვეყანაზე, მათ შორის არ უნდა ის ქუჩის პროტესტები, რომელსაც უყურებენ ბოლო დროის განმავლობაში.
საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, სტაბილურობა, უნდა, რომ ასე გაგრძელდეს ქვეყანაში პროცესები, ასევე ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, რომ გარკვეული საკითხები გადაწყდეს დისკუსიის და დიალოგის საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვისაც აქვს ძლიერი პოზიციები, ის დიალოგსა და დისკუსიას არ გაურბის.
„ჩვენ არაერხელ გამოვხატეთ ჩვენი მზაობა ასეთ დიალოგთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ისე ქართული საზოგადოების წინაშე, თუმცა ვხედავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის გარკვეული მცდელობა, რომ ნაცვლად დისკუსიისა და დიალოგისა, პროცესები გაგრძელდეს ქუჩაში, ეს არის ოპოზიციის მხრიდან მცდელობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თუ რამე აქვთ გასარკვევი, მოდით, დავსხდეთ და გავარკვიოთ.
მაგალითად, საუბარი იყო არჩევნების შედეგებზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები. ნახეთ, როგორ წარიმართა პროცესები, აბსოლუტურად ხელოვნური იყო პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა გარკვეული აღქმის შექმნას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, დაახლოებით, მოსახლეობის 30 პროცენტამდე რეალურად ასე აღიქვამს არჩევნებს, რომ ან მნიშვნელოვნად ან მეტნაკლებად მნიშვნელოვნად მანიპულაციები განხორციელდა საარჩევნო პროცესში. ანუ, საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში, ეს არის ძირითადად ოპოზიციური ელექტორატი, მათ შეძლეს ასეთი აღქმის ჩამოყალიბება. ჩვენი სურვილია, ყველაფერს მოვფინოთ ნათელი, ეს არის პირველ რიგში საზოგადოების ინტერსებში. ეს აინტერესებს იმ 70 პროცენტსაც, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და იმ 30 პროცენტსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.