ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა „კრედიტ სუისის“ ქურდობა და მისივე რეზოლუცია, ეს საინტერესო კავშირია და რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს
პირდაპირი მტრობაა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც ევროპარლამენტარი ბრალს გდებს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში, ისეთი ფორმით მმართველობაში, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ჩვენი რეზოლუცია აჩვენებს ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ცალკეულ ევროპარლამენტარებთან, ნახეთ გუშინ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის შესახებ, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო და ამის შედეგი არის ირიბი სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება, ვუწოდოთ? რა თქმა უნდა, პირდაპირი მტრობაა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც ევროპარლამენტარი ბრალს გდებს კონსტიტუციის მიღმა მოქმედებაში, ისეთი ფორმით მმართველობაში, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ის მტრობს ქვეყანას, როდესაც ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებები არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა „კრედიტ სუისის“ ქურდობა და რეზოლუცია, რაც საინტერესო კავშირია და საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს.
„თანხა ვინც მოიპარეს, ალბათ იცით „კრედიტ სუისში“. წლებია გასული, მგონი, ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ამ ბანკმა მოიპარა თანხა. რა შუაშია სანქციებთან ეს ქურდობა, აბსოლუტურად გაუგებარია. არის მარტივი სამოქალაქო დავა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩივის იმის გამო, რომ მას მოპარეს თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ახლა პროცესი და ივანიშვილის გამოკითხვა. ეს არის ამ ყველაფრის რეალური არსი. როდესაც ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს „კრედიტ სუისის“ ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს არის საინტერესო, რაც საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს. ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა „კრედიტ სუისის“ ქურდობა და მისივე რეზოლუცია. ეს ძალიან საინტერესო კავშირია და თვითონ ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინა“ შესახებაც და აღნიშნა, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილია ყველა, ვინც საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს.
„თქვენ ხედავთ მაკეინის კონფერენციას და ვინ არიან დამსწრე პირები. თუკი ვინმე აღვივებს საქართველოში პოლარიზაციას, ყველა იქ არის წარმოდგენილი. არ ვიცი, რატომ ხდება რადიკალიზმისა და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების ნორმად წარმოჩენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.