ირაკლი კობახიძე - ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, ღრმავდება ეჭვები, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან
ვინმე თუ სერიოზულად დაიწყებს სანქციებზე საუბარს, მაშინ ღრმავდება ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან. რაღაც კონკრეტულს სთხოვენ მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი ფაქტი არ არსებობს და ეს კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც შეიძლება, მას სანქციები დაუწესონ.
„თუ ასეთი რამ თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ამ კაცისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეთ, ამას შეგნებულად არ ვიტყვი დღეს, მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ერთადერთი, რაც შეიძლება ამით მოხდეს, გაიშიფრება გარკვეული ზრახვები, რაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ცხადი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.