ირაკლი კობახიძე - ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ
ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს. როცა მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით ციხეში ჩაჯდა, ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ. ეს სცენარი ვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმარი თვითდაზიანებაზე თავად არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის – სამედიცინო მომსახურებაზე.
„რაც შეეხება სპეკულაციებს, სიმულაციებსა და თვითდაზიანებებს, მათ წარმატება ვერ ექნებათ, რადგან ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა ასეთივე წარმატებული საკუთარ სიმულაციებში. ეს არც ერთმა უწყებამ არ უნდა დაუშვას. რაც შეეხება თავდებობას, თავდებში ვინ დგება? – მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, დაახლოებით იგივეა. „ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას იღებს, სასაცილოა. სააკაშვილი მათი ბელადია და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
„წლის განმავლობაში 150 პატიმარი ციხეში კვდებოდა, ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული. საშუალო მაჩვენებელია 10-იდან 15-მდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო პირობებით. თქვენ რომ სასჯელაღსრულების სისტემას გადახედოთ, ასეულობით პატიმარს ნახავთ, რომელთაც უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ სახალხო დამცველი ერთადერთი პატიმრით არის დაინტერესებული. პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი რაღაცნაირად გათავისუფლებული იყოს. ამის უკან მთავარი ინტერესი დგას, რაც არის ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.