ირაკლი კობახიძე - ჯერ ვიმსჯელოთ, პარტია, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში და მერე გავმართოთ დისკუსია პოზნერთან დაკავშირებით
ვიმსჯელოთ, ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში, ამას გაეცეს პასუხი და მერე ვიმსჯელოთ დანარჩენზე. მერე გავმართოთ დისკუსია პოზნერი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივად, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს „ოკუპაციის შესახებ კანონი“.
„შეგვიძლია ყველაფერზე ვიმსჯელოთ, მაგრამ აქამდე პრაქტიკა იყო, რომ ადამიანს თუ არ ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ კანონი“, ის შემოდიოდა ქვეყანაში. მიუხედავად განცხადებებისა, ეს იყო „ნაცმოძრაობის პრაქტიკა“ და გაგრძელდა მოგვიანებითაც, რადგან სამართლებრივად, ამოსავალი წერტილი არის „ოკუპაციის შესახებ კანონი“. თუ იქნება სურვილი გავმართოთ დისკუსიები, როდესაც ადამიანი აკეთებს მიუღებელ განცხადებებს, ის შეიძლება შემოვიდეს თუ არა. ვისმეჯლოთ ამაზე, მაგრამ მანამდე ვიმსჯელოთ, როდესაც ნინო ბურჯანაძე აკეთებდა უარეს განცხადებებს და დღეს რჩება ქართულ პოლიტიკაში და ზის „ნაცმოძრაობის“ ოფისში, ის უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი იყო მხილებული მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობაში, ამაზე მტკიცებულებები გაგზავნილია ყველგან და ყველაფერში, ის შეიძლება იჯდეს თუ არა „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ელენე ხოშტარია, რომელიც არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, უნდა იჯდეს თუ არა „ნაცმოძრაობის“ ოფისში და უნდა იყოს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი და შემდეგ თავის ხელით მოაწერა დოკუმენტს ხელი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რითაც პირდაპირ აღიარეს, რომ მათ დაიწყეს ომი ცხინვალის რეგიონში. ეს პოლიტიკური პარტია უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში? ამას გაეცეს პასუხი და მერე ვიმსჯელოთ დანარჩენზე. მერე გავმართოთ დისკუსია პოზნერი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.