ირაკლი კობახიძე - ვიმოქმედე კანონის შესაბამისად, ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს
ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მით უმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც მან მარნეულის ინციდენტთან და ამ ინციდენტში დეპუტატ აზერ სულეიმანოვის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, პარლამენტის წევრებს სხდომაზე მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი გააცნო.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ ბატონ აზერ სულეიმანოვთან დაკავშირებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მით უმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, პარლამენტის წევრის მიმართ. კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია მთავარი პროკურორი შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს, გააცნოს საქმის არსი. შემოდის შესაბამისი წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ, კანონმდებლობის თანახმად, ეს გაგაცნოთ თქვენ და ვიმოქმედე კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას დაადგენს ბუნებრივია, გამოძიება. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძემ დღეს პარლმენტის სხდომაზე დეპუტატებს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი გააცნო, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისთვის.