ირაკლი კობახიძე - ვიღაცის ინტერესია, კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი ფულით დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული
ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი განწირულია წარუმატებლობისთვის. კეზერაშვილი, ზოგადად, ცნობილია წარუმატებელი ინვესტიციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილის მთავარი ინვესტიციის სიმბოლო არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რაც, მისი თქმით, კარგია, რადგან მისივე ნაძარცვი ფული საქართველოში ბრუნდება.
„მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“, ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს, რადგან ვერც შედეგს აღწევს ამ ყველაფრით და მისივე მოპარული ფული, ჯარისგან და ბიზნესისგან ნაძარცვი ფული, საბოლოო ჯამში, ბრუნდება საქართველოში,“ – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კეზერაშვილს მფარველობს გავლენიანი სუბიექტი, ვისგანაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით.
„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ არის, რომ ძებნაში მყოფი კეზერაშვილი თავისუფლად სარგებლობს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოსვლის საშუალებით, როდესაც ყველამ იცის, რომ მას გაძარცვული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით?! რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.