ირაკლი კობახიძე - ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა
საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკმაოდ დიდი ხნის, კვირების განმავლობაში კონკრეტული სუბიექტები თავს იკავებდნენ ყალბი კამპანიის წარმოებისგან, თუმცა რაღაც მომენტში მაინც გადაწყვიტეს ასეთ სიცრუეზე აგებული კამპანიის წარმოება.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, არცერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. კანონი როდესაც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეთ არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი, შედარებით დამშვიდებული იყო ქვეყანა, 2016, შემდეგ 18-19-20-21-22-23 გამუდმებით გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა, დესტაბილიზაციის მცდელობა, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ, პირველ რიგში, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ახლა ვართ საკმარისად მყარად, რათა სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცება შევძლოთ და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი ემსახურება სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას.
„გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, რათა ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რათა ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით, რათა გაგვემყარებინა სუვერენიტეტი. ამ კანონის მიღება არის, რეალურად, კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი. მე მესმის კონკრეტული ძალების აღშფოთება. ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.