ირაკლი კობახიძე - ვიღაცები აშკარად ეძებდნენ საბაბს, არ გაეხსნათ მოლაპარაკებები, მთავარია, შანტაჟისთვის არავინ გამოიყენოს ეს პროცესი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წელს ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროინტეგრაცია არის ის საკითხი, რაზეც შეჯერებულია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა.
„80 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროინტეგრაცია, ამას ამბობს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს წინა პლანზეა წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, პარლამენტში, ამაზე ვართ ყველა შეჯერებული. ეს საკითხი რეალურად უნდა იყოს გამაერთიანებელი, თუმცა ჩვენ რას ვხედავთ, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული, როცა დაიწყო უკრაინაში ომი – ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს საკითხი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან ხელოვნურად გამოიყენება ქვეყნის გახლეჩისთვის. ასე წარიმართა ეს პროცესები: ჩვენ შევიტანეთ განაცხადი მარტის დასაწყისში კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ივნისში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი, ანუ ის საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო გაერთიანების საფუძველი, სინამდვილეში ვიღაცებმა გამოიყენეს გახლეჩისთვის. ახლა ვხედავთ იმავეს – ინტეგრაციის პროცესი შედგება კონკრეტული ნაბიჯებისგან. ჯერ იყო სხვა ნაბიჯები, ასოცირების შეთანხმება და ა.შ. მერე იყო კანდიდატის სტატუსი, რაც უკვე გავიარეთ, ახლა არის მოლაპარაკებების გახსნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია, ეს არის, ფაქტობრივად, მოლაპარაკებების გახსნა. მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით, მართალია, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნის თაობაზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ არ გაუხსნიათ. ეს შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და მოლდოვასაც არ გაუვლიათ. ბევრი ნაბიჯისგან შედგება ევროინტეგრაციის პროცესი. მთავარია, ვიღაცებმა არ სცადონ ამ პროცესის გამოყენება შანტაჟისთვის. დღემდე რასაც ვხედავთ, რაც 2022 წელს მოხდა და რასაც ახლა ვხედავდით იმავე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, როცა ვიღაცები აშკარად ეძებდნენ საბაბს, რომ არ გაეხსნათ მოლაპარაკებები, მთავარი არის ის, რომ შანტაჟისთვის არავინ გამოიყენოს ეს პროცესი. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.