ირაკლი კობახიძე - ვიდრე ჩვენი ოპონენტები რეზოლუციის ინიცირებას ახდენენ, ჩვენ ვმუშაობთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე
ჩვენ ვმუშაობთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე, ვიდრე ჩვენი ოპონენტები რეზოლუციის ინიცირებას ახდენენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ეხება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სისტემას კლანი არ მართავს და ეს არის პოლიტიკური ბრალდება.
„ვიდრე ასეთი რეზოლუცია ინიცირდება, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე ვმუშაობთ. როგორც მოგეხსენებათ, პროცესი თითქმის ბოლომდეა მისული. პრაქტიკულად, სამიდან ორ თემასთან დაკავშირებით სრული კონსესუსი გვაქვს. ეს არის დისციპლინური წარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თემები. ასევე შეჯერებულია საკითხების უმრავლესობაზე პოზიცია, რაც დაკავშირებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
ჩვენ ვმუშაობთ, ვიდრე ჩვენი ოპონენტები რეზოლუციის ინიცირებას ახდენენ. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემას კლანი არ მართავს. ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რასაც პოლიტიკური სარჩული აქვს. ჩვენი ოპონენტების ასეთ ბრალდებას, რომელსაც საფუძველი არ აქვს, ვერ დავეთანხმებით. რაც შეეხება სასამართლოში მდგომარეობას, ვითარება ცა და დედამიწაა იმასთან შედარებით, რაც 2012 წელს იყო, თუმცა ნაბიჯები გადასადგმელია იმისათვის, რომ დამატებით სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა განვამტკიცოთ, რასაც ემსახურება რეფორმის მეოთხე ტალღა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა. მათი განცხადებით, რეზოლუცია სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებასა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს განაცხადეს, რომ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს „ევროპული საქართველო“.