ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის გახსნის დროს დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები, თუმცა კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება გუნდის შიგნით მენეჯმენტის მარტივად განხორციელების მიზნით მიიღო.
„ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისთვის, რომ უმრავლესობის შიგნით მენეჯმენტი უფრო მარტივად განხორციელდეს, ეს ემსახურება უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას და ამ მიზნით, საუბარია დამატებითი ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები, რომელთაც არავითარი საფუძველი არ აქვს, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება.
„ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, არამედ ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვას, გაიმართა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, კობახიძე პასუხობს, რომ ფრაქციების შექმნასა და შემადგენლობაზე პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„კონსულტაციები პრინციპში უკვე შემდგარია. მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე მათ შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.