ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შედგება კონსულტაციები, რისი შედეგიც უნდა იყოს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას, რაზეც მიანიშნებს ის, რომ ხშირად ხდება საჭირო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების დახმარება.
კობახიძის თქმით, დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს ოპოზიციის მხრიდან არარელევანტური მოთხოვნებიც. თუმცა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, არსებულ მოცემულობაში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„თავისთავად პრობლემაა, რომ ხშირად გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების ამ კუთხით დახმარება, რასაც ისინიც უსვამენ ხოლმე ხაზს, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას. ქართული დამოუკიდებლობის ისტორია აღდგენის შემდეგ ითვლის სულ რაღაც 30 წელიწადს, ანუ მოსეს გზა გვაქვს გასავლელი, სავარაუდოდ კიდევ 10 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურის სრულფასოვან განვითარებას. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის საჭიროება ობიექტურად არსებობს. ჩვენთვის ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, შემდეგ შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბრობს, რომ არ შემოვალ პარლამენტში, თუ რაღაც არ მოხდება, რაღაც არარელევანტურ მოთხოვნებს აყენებს და ა.შ. ესეც არაის დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი. ასეთია მოცემულობა, ჩვენ უნდა ვცადოთ მაინც საკითხის მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტა, როგორც ეს მოხერხდა საარჩევნო სისტემის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „თუ შეგიძლიათ, უკვე მითხრათ რამე იმპულსებზე იმისა, რომ კონსულტაციები უახლოეს ხანებში შედგება“, კობახიძე პასუხობს, რომ მისი აზრით, კონსულტაციები ახლო მომავალში გაიმართება.
„ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და მე მგონია, რომ უახლოეს დღეებში, თუ არა ხვალ და ზეგ, ახლო მომავალში შედგება ასეთი კონსულტაციები, რისი შედეგიც უნდა იყოს ყველაფრისთვის ნათელის მოფენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის განმარტებით, ყოველგვარი დათქმისა და წინაპირობის გარეშე ხელი შეუწყვეს უბნების გადათვლის პროცესის დაწყებას, თუმცა ოპოზიციამ ნაცვლად იმისა, რომ ეს ფაქტი პოზიტიურ განვითარებად მიეღო, სწორედ გადათვლა გამოიყენა დესტრუქციისთვის საბაბად.
„ყოველგვარი წინაპირობების, მოლაპარაკების და რაღაცის დათქმად დაყენების გარეშე, რეალურად ეს პროცესი დაიწყო, ეს არის რა თქმა უნდა ცესკო-ს და საოლქო კომისიების პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო მხარდამჭერი, კომისიებში ჩვენი წარმომადგენლები აფიქსირებდნენ მხარდამჭერ პოზიციას. ჩვენ ყოველგვარი დათქმის და მოლაპარაკების გარეშე ხელი შევუწყევთ იმას, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო, ამის შედეგია ის, რომ უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, რომ დააჯამოთ ყველა არჩევნები 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯამში 39 უბანი არ გადათვლილა საქართველოში. ყველგვარი დათქმის, მოლაპარაკების გარეშე ვაჩვენეთ სრული ღიაობა, გამჭვირვალობა, უკვე დაიწყო ეს პროცესი, ანუ 29 უბანი გადაითვალა, ერთი გაუქმდა, რადგან აშკარა იყო სერიოზული ხარვეზი, რასაც მოყვა მეორე ტურის დანიშვნა შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში, ეს პროცესი ყოველგვარი დათქმის გარეშე დავიწყეთ, მაგრამ ოპოზიციისგან ამასთან დაკავშირებით რა პოსუხი მივიღეთ? ნაცვლად იმისა, რომ ეს მიეღოთ როგორც პოზიტიური განვითარება, როგორც დადებითი მოვლენა, ამის მაგივრად სწორედ ეს გადათვლა გამოიყენეს დესტრუქციისთვის საბაბად. ზუსტად იმ ოლქებში, სადაც ხდებოდა გადათვლა, მოაწყვეს სრული დესტრუქცია და ობსტრუქცია, ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირების შეჭრას, შესვლას შესაბამის საოლქო კომისიებში და ა.შ. ჩვენ შეიძლება ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი გადავდგათ, რამაც ობიექტურად ხელი უნდა შეუწყოს პროცესების სწორად განვითარებას, მაგრამ პასუხი თუ არ მივიღეთ ამაზე, ვითარება არ დალაგდება, საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპრაკება, თუ რაზე ვთანხმდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკური დიალოგის რესურსი – ირაკლი კობახიძე „თავისუფალ ხედვაში“