ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე კონსენსუსს მივაღწევთ
ვფიქრობ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე კონსენსუსს მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში ძირითად საკითხებზე შეთანხმებულები არიან, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კონსულტაციები გაგრძელდება.
„სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ რეგულაციები, რომლებიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს ემატება. ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც კონსულტაციები გაგრძელდება.
შემდეგ შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებული იქნება პარლამენტში. ვფიქრობ, საბოლოოდ, კანონთან დაკავშირებით სრულ კონსენსუსს მივაღწევთ. ამის საფუძველს მაძლევს კონსულტაციები, რომელიც დღემდე შედგა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება არასამთავრობოების შენიშვნას, რომელიც ეხება ინიციატივას, გადაცდომის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე დღეს არ უმსჯელიათ.
„ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია, შესაბამისად, გამიჭირდება რაიმე კოემნტარის გაკეთება. იყო გარკვეული ინიციატივა, მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მივიღო რაიმე გადაწყვეტილება, მითუმეტეს ასეთ პრინციპულ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფმა დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.