ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, პარლამენტში მინიმუმ სამი-ოთხი პარტია თებერვალში უკვე იქნება წარმოდგენილი
ჩემთვის იდეალური სურათი იქნებოდა, რომ პარლამენტში ყველა შემოვიდეს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთისა და „ევროპული საქართველოსი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და ვარაუდობს, რომ თებერვალში საკანონმდებლო ორგანოში სამი-ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი.
„მე მგონია, რომ მინიმუმ სამი-ოთხი პარტია პარლამენტში უკვე თებერვალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში, მათ შორის, დახურულ ფორმატში. პროცესი მიდის. პარტიების რაოდენობას რაც შეეხება, ჩემთვის იდეალური სურათი იქნებოდა ის, რომ ყველა შემოვიდეს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთისა და „ევროპული საქართველოსი“. ეს იქნებოდა იდეალური სურათი და დიდი იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდება საპარლამენტო სპექტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.