ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რათა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას
ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რადგან არის ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და ნაკლებად რადიკალურ პარტიებს შორის, არის სივრცე, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის კონსულტაციებისთვის, განიხილოს ძალიან საინტერესო საარჩევნო სისტემა და არჩევნების ადმინისტრირების საკითხი.
„მხრიდან იყო ძალიან ფართო მზაობა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თემას, ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შევისწავლოთ არჩევნების შინაარსი, შედეგები ვნახოთ, თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრა მაინც აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს. ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებითაც მათი პასუხი არის უარყოფითი, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში რეალურად არც არაფერი არ არის გაყალბებული, აქედან გამომდინარე მათ ეშინიათ ნებისმიერი გადამოწმების. შეეშინდათ გადამოწმების, გადათვლის ამ შემთხვევაშიც ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რადგან აღმოჩნდა, რომ რეალურად რასაც ისინი ამტკიცებდნენ და არჩევნებთან დაკავშირებით ატყუებდნენ საზოგადოებას, იყო სრული ფარსი. ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი არის, რადგან არის ზღვარი რადიკალურ პარტიებსა და ნაკლებად რადიკალურ პარტიებს შორის და არის სივრცე, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.