ირაკლი კობახიძე - გახარიამ და ჯაფარიძემ ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა, ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი
ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა, ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მუქარის შემცველი წერილი მას პირადად გახარიამ გადასცა.
„ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი, ორი ოპოზიცინერი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა. ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება გახარიას პოლიტიკური გუნდის დაფინანსების საკითხს, კობახიძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, რაღაც ეჭვებზე შეიძლება, ისაუბრონ.
„რაც შეეხება დაფინანსებას, არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომც მქონდეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, რაღაც ეჭვებზე შეიძლება, ვისაუბროთ. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ.
წამოცდენები ჰქონდათ პოლიტიკოსებს – უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ გახარიაზე იმედებს ამყარებენ, რომ მათ რაღაცნაირად დაეხმარება იმაში, რომ ჩვენ დაგვაახლოვონ 43-პროცენტიან ბარიერს. ეს გამორიცხულია, ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა ამ ბარიერს ვერ დაგვაახლოვებს, ეს არის გამორიცხული. საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან გამომდინარე, ამას იხილავს ყველა ოქტომბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.