ირაკლი კობახიძე - ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ, სასწორზე დგას მთავარი, მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის
ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში, არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთი სცენარის განვითარებას, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვერავითარი შანტაჟი და სანქცია ბიძინა ივანიშვილს არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ.
ჯეიმს ო`ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ასეთ საფრთხეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
„ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ, რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან. ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა? კინაღამ მოკლეს კაცი.
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე ფაქტო სანქციის ქვეშ, მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში, არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთი სცენარის განვითარებას, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში. Ვერავითარი შანტაჟი და სანქცია მას არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.