ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერ დაგვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე, პიარის თემით უნდათ, შეაცოდონ ხალხს, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის
ვერავითარი ლობისტური კამპანიით, ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას, ისინი ვერ დაარწმუნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი, ამას არ სჭირდება არც პიარი და არც პოლიტიკური კამპანია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია, გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ ამ პატიმრის გათავისუფლება, რათა ქვეყანაში არიონ ვითარება.
„მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის სახით, მათ აქვთ ეს განზრახვა, რომ, სააკაშვილის გათავისუფლებით, ხელი შეუწყონ პოლიტიკური ვითარების არევას. რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ხალხის ინტერესებში და ვერავითარი ლობისტური კამპანიით, ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას, ისინი ვერ დაარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი, ამას არ სჭირდება არც პიარი და არც პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. ამის მაგივრად, ისინი დაკავებულები არიან პოლიტიკური და პიარული კამპანიით, ნაცვლად იმისა, რომ წარუდგინონ ხალხს დიაგნოზი. ამას არ აკეთებენ. ამის მაგივრად, აქვთ ლობისტური კონტრაქტები, პიარკამპანიები, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი.
როცა საქმე ეხება პატიმრის უფლებების დაცვას, ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა, მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს, თვითდაზიანებით, პიარული კამპანიით საკუთარი თავის გათავისუფლების უზრუნველყოფას, ეს არის მიუღებელი.
ჰქონდათ მცდელობა, ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, მათ შორის ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილის დიდი დაზიანებისკენ, თუ გახსოვთ, მათი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე, მთელი კამპანია ჰქონდათ ამაზე, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ჩართეს ახალი ხერხი, ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარკამპანის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა? – რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი, რათა რაღაცა ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის. ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.